"საქართველოს ბედი დაკავშირებულია უკრაინის რუსეთზე გამარჯვებასთან", - ამ სათაურით Le Figaro საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თბილისშია დაკავებული და რომელიც აცხადებს, რომ ის კრემლმა მოწამლა, მიიჩნევს, რომ კიევის წარმატება გარდაუვალია. მისივე თქმით, ეს დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან.
"ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული უკრაინის კონტრშეტევებზე. პროევროპელების წარმატებაც და ივანიშვილის ბედიც. ხელისუფლების მდგომარეობა საგრძნობლად არის გართულებული ჩემი საქართველოში ყოფნით. ციხეშიც კი მე მათ დისკომფორტს ვუქმნი. ადამიანები ამაზე ბევრს არ საუბრობენ, თუმცა ამაზე ყველა ფიქრობს. როცა უკრაინა გაიმარჯვებს, ბიძინა ივანიშვილის სისტემაც ავტომატურად ჩამოიშლება. საქართველოში აღარასდროს იქნება ერთპიროვნული რეჟიმი, როგორც ახლა. საქართველო დაუახლოვდება ევროკავშირს", - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, Le Figaro წერს, რომ რეფორმატორი და პროევროპელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება, მას შემდეგ რაც საკუთარ ქვეყანაში 8-წლიანი იძულებითი ემიგრაციის მერე დაბრუნება გადაწყვიტა.
"სააკაშვილმა, რომელსაც არ გააჩნია სათანადო სამედიცინო დახმარება და რომელიც ამბობს, რომ იგი პრორუსმა ძალოვნებმა მოწამლეს კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან სათავეში, 1 წლის განმავლობაში 50 კილოგრამი დაიკლო. სააკაშვილის ექიმები და ოჯახი ახლა მის სიცოცხლეზე ნერვიულობენ", - წერს გამოცემა.
Le Figaro წერს, რომ სააკაშვილი არის პრეზიდენტი, რომელიც 2000-იან წლებში იყო დასავლეთის უდიდესი მოკავშირე.
"ჩემი ჯანმრთელობა ნელა და განუწყვეტლივ უარესდება. მე ვუახლოვდები იმ სტადიას, როდესაც ექიმები ელოდებიან ჩემი რამდენიმე ორგანოს გათიშვას. მთელ ჩემ დროს ლოგინში ვატარებ, რადგან ვეღარ ვდგები. ჩემი ძვლები იშლება და ეს საშინელ ტკივილს მანიჭებს. რაც შეეხება მოწამვლას, მომწამლეს რუსებმა საქართველოში თავიანთი აგენტების მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი პოლიციაშია. ზუსტად მახსოვს ის დღე, როცა მომწამლეს, როცა ვიგრძენი ყველა სიმპტომი და ჩემი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა", - ამბობს სააკაშვილი.
Le Figaro-სთან ინტერვიუში სააკაშვილი ასევე საქართველოში 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებსაც ეხმაურება:
"ის რაც ახლა ხდება ძალიან ჰგავს რევოლუციას მაიდანზე. ადამიანებმა დაიწყეს თვითორგანიზება იმ წუთიდან, როგორც კი გაიგეს, რომ ხელისუფლების მიერ შემოტანილი კანონპროექტი ნიშნავს საქართველოს ევროპული რელსებიდან გადახვევას. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველები მობილიზდნენ ისევე, როგორც ეს გააკეთეს უკრაინელებმა 2014 წელს "ღირსების რევოლუციის" დროს.
ქართველების 80%, რომლებიც უკვე 1 კვირაა აპროტესტებენ, მიეკუთვნება იმას, რასაც მე ვეძახი "მიშას თაობას". ისინი დაიბადნენ ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა კორუფცია ამოიძირკვა, როცა არ იყო შიმშილი და როცა საქართველოს ხელისუფლება არ ემხრობოდა, ვლადიმერ პუტინის რუსეთს, როგორც დღეს. ეს იყო დრო, როცა ჩვენ ვურიგებდით კომპიუტერებს თითოეულ მოსწავლეს სკოლებში და სადაც ამერიკელები ასწავლიდნენ ბავშვებს ინგლისურ ენას. ეს თაობა აღარ საუბრობს რუსულად. მას [ამ თაობას] არ სურს იყოს რუსეთის გავლენის ნაწილი. ამ თაობას არ სურს კრემლის დიქტატს დაემორჩილოს". - თქვა სააკაშვილმა.
კითხვას - "ფიქრობთ, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონის ინიციირება მოსკოვის პირდაპირი დავალებით მოხდა?", სააკაშვილი ასე პასუხობს:
"100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ინიციატივა პირდაპირ მოსკოვიდან იყო შეკვეთილი, დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში. ზუსტად ასეთი კანონი რუსებმა მიიღეს აფხაზეთში, მოსკოვში და ნიკარაგუაშიც კი, რომელსაც ისინი ნაწილობრივ აკონტროლებენ.
კანონის დასაცავად ქართველი ლიდერების მიერ შერჩეული ფორმულირება, სიტყვასიტყვით იდენტურია ვლადიმერ პუტინის ფორმულირების, რომელსაც ის იყენებდა ამ კანონის რუსეთში შემოღების დროს. ნათელია, რომ ეს ყველაფერი დააორგანიზეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებმა კრემლიდან. ეს კანონი რომ მიეღოთ საქართველოსთვის ევროკავშირი და ნატო დაკარგული იქნებოდა. ის [საქართველო] იქნებოდა მზად რუსულ ორბიტაზე გადასასვლელად. საქართველოში პროტესტმა აჩვენა, რომ რუსეთის ხისტ ძალას არ შეუძლია ხალხის ნების ჩახშობა, იმ ხალხის, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა, ასევე აჩვენა ის, რომ კრემლის პროპაგანდას პერსპექტივა არ აქვს", - აღნიშნა მესამე პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ბოლო პერიოდის განმავლობაში კრემლის ნარატივს, თითქოს რუსეთი, შესაძლოა, საქართველოში შემოიჭრას, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ პუტინი საქართველოში ვერ შემოიჭრება, რადგან "ახლა ეს შეუძლებელია და პუტინი ძალიან გაიჭედა უკრაინაში".
სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური გეგმები არ აქვს, "განსაკუთრებით მას შემდეგ რაც აქციებზე ახალგაზრდები ნახა". მას სურს ევროპაში გამგზავრება, რათა საკუთარი ჯანმრთელობა შეინარჩუნოს, შემდეგ კი კიევში დაბრუნდეს. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული ოპოზიცია არასდროს ყოფილა ისეთი ერთიანი, როგორც ახლაა და იმედი გამოთქვა, რომ ასეთად დარჩება.